ᲢᲔᲡᲢᲔᲑᲘ
ᲢᲔᲡᲢᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ
სასწავლო ცენტრი ტესტირების სფეროში მრავალფეროვან და მაღალპროფესიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. მისი მიდგომა მიზნად ისახავს ობიექტურობის, ტესტირების პროცესის გამჭვირვალობისა და გამოსაცდელთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას.
ცენტრი უკვე ათწლეულზე მეტია უზრუნველყოფს ტესტირების სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტესტის შექმნასა და მის ადმინისტრირებას. ცენტრი გამოირჩევა ტესტის შექმნის სტანდარტიზებული პროცესით, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მოიცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ტესტის შინაარსის სიზუსტე და დასაბუთება
ტესტის შინაარსი დამკვეთის მიერ მოწოდებულ თემატიკაზეა დაფუძნებული. დავალებები დეტალურად განიხილება ფსიქომეტრიკოსებისა და სფეროს ექსპერტების მიერ. დავალებების შინაარსი და პასუხების სისწორე დაფუძნებულია შესაბამის თემატურ და ლოგიკურ არგუმენტებზე.
პროცესის გამჭვირვალობა
დამკვეთს შეუძლია თავის მიერ დაკვეთილი ტესტის ადმინისტრირებამდე ნახვა, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ტესტის კოპირების შესაძლებლობის გარეშე. ტესტირების შემდგომ გამოსაცდელებსა აქვთ პრეტენზიების წარდგენის (უფასო მომსახურება) უფლება.
ობიექტურობის დაცვა
ტესტის შექმნაში/წერითი დავალების ნაშრომების შეფასებაში ჩართულ პირებს არ აქვთ წვდომა გამოცდის მონაწილეთა პირად მონაცემებზე. ტესტის შინაარსზე პრეტენზიები განიხილება ტესტის შექმნაში ჩართული პირებისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი კომისიის მიერ.
1. ტესტირების მომსახურების ტიპი
ტესტირების სრული სერვისი - მოიცავს გამოსაცდელის შეფასების სრულ მომსახურებას, რომელიც შემდეგი თანმიმდევრული პროცესებისგან შედგება: 1. დამკვეთი დაწესებულების მოთხოვნების განსაზღვრა; 2. ტესტის შექმნა ან არსებული ტესტის შემოწმება/განახლება; 3. გამოცდის ჩატარება; 4. გამოცდის შედეგების მიწოდება დამკვეთისთვის, აგრეთვე კანდიდატების უზრუნველყოფა ტესტის შინაარსის/გამოცდის პროცესის მიმართ პრეტენზიების წერილობით გამოხატვისა და მასზე კომისიური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობით.
ტესტირების ნაწილობრივი სერვისი - ტესტირების ნაწილობრივი სერვისი მოიცავს ტესტირების ერთ-ერთ მომსახურებას, კერძოდ:
1. ტესტის შექმნა - ამ შემთხვევაში, ტესტი მისი შეფასების სქემით გადაეცემა დამკვეთს, რომელიც თავად განკარგავს მის გამოყენებას, ხოლო გამოსაცდელთა პრეტენზიები, რომლებიც ეხება ტესტის შინაარსს, განიხილება დამკვეთი დაწესებულების შესაბამისი კომისიის მიერ.
2. გამოცდის ჩატარება - ამ შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ მოწოდებული ან ცენტრის ბაზაზე არსებული მზა ტესტებით (ინტელექტის, ზოგადი უნარების, ქართული ენის მართლწერის, ინგლისური ენის ტესტები) გამოსაცდელთა შეფასებას, შედეგების დამკვეთისთვის მიწოდებას, გამოსაცდელების უზრუნველყოფას პრეტენზიების გამოხატვის შესაძლებლობით, თუმცა დამკვეთის მიერ მოწოდებული ტესტების შემთხვევაში, ტესტის შინაარსთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ცენტრი არ განიხილავს და უგზავნის დამკვეთს შემდგომი რეაგირებისთვის.
2. ტესტის შექმნის პროცესი
ტესტის შექმნა და გამოცდის ორგანიზება სხვადასხვა პროცესია, რომლის განხორციელებისთვის შექმნილია ტესტის შექმნისა და ტესტის ადმინისტრირების შესაბამისი დეპარტამენტი.
ტესტის განხილვაში მონაწილეობენ ფსიქომეტრიკოსები.
ტესტის შექმნაში ჩართულ პირებს არ აქვთ წვდომა გამოცდის მონაწილეთა პერსონალურ ინფორმაციასთან, მათთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოცდის შედეგები დეპერსონალიზებული სახით, შემდგომი სტატისტიკური ანალიზისთვის.
ტესტის შექმნა ორეტაპიანი პროცესია, რომელშიც ფსიქომეტრიკოსებთან ერთად ჩართული არიან ტესტის შინაარსობრივი სფეროს ექსპერტები - ამა თუ იმ პროფესიაში გამორჩეული კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირები.
ექსპერტთა ვინაობა დაცულია გამჟღავნებისგან, რათა გამოცდის შედეგებით დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდეთ ექსპერტთან დაკავშირებისა და შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
დავალების შინაარსობრივ განხილვაში ჩართულია ფსიქომეტრიკოსი, რომელიც ყოველგვარი ორაზროვნების ასარიდებლად მუშაობს თითოეული დავალების გასამართად და დავალების იმ სირთულის მისაღწევად, რომელიც არის მოთხოვნილი. დავალების გამართვაში მონაწილეობს იმავე შინაარსობრივი სფეროს ექსპერტიც, რომელიც შემმოწმებელი ექსპერტის სტატუსით ერთვება დავალებების განხილვაში და პასუხისმგებელია საბოლოო შინაარსზე.
იმის შესამოწმებლად, შეესაბამება თუ არა შექმნილი ტესტი მიღებულ მოთხოვნას, დამკვეთი უზრუნველყოფილია გამოცდის თარიღამდე ტესტის გაცნობის შესაძლებლობით: ტესტის გაცნობა შესაძლებელია დამკვეთი ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისთვის/პირებისთვის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, ტესტის ნებისმიერი სახით ასლის გადაღების შესაძლებლობის გარეშე.
ტესტის შინაარსთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს აგრეთვე მის უშუალო შემსრულებელს - გამოცდის მონაწილეს ცენტრის მიერ დადგენილ ვადასა და პირობებში.
ტესტის შექმნაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია დამკვეთის მოთხოვნების განსაზღვრა. ამ ეტაპზე ირკვევა, თუ რა მიზანს ისახავს ტესტირება (მაგ., ღია კონკურსით კანდიდატთა შერჩევა; არსებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის შეფასება; სერტიფიცირება კონკრეტულ სფეროში ან სასწავლო კურსის მონაწილეთა შერჩევა/კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შეფასება და ა.შ.), ვინ არიან შესაფასებელი პირები (მაგ., თანამშრომლები, შესარჩევი კანდიდატები და ა.შ.), რა მოთხოვნები არსებობს მათ მიმართ და სხვ.
პროფესიული ტესტისა თუ წერითი დავალების მომზადებისთვის სასწავლო ცენტრს დაინტერესებული ორგანიზაციისგან სჭირდება შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. საკონკურსო/საკვალიფიკაციო პოზიციის სამუშაო აღწერილობა/პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; 2. თემატიკა - სამართლებრივი აქტების (შესაძლოა სახელმძღვანელო, ინსტრუქცია ან სხვა წყაროები) ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც უნდა მომზადდეს ტესტური დავალებები. სურვილის შემთხვევაში, დამკვეთს შეუძლია თავად განსაზღვროს თითოეულ საკითხზე ტესტური დავალებების რაოდენობრივი განაწილება და ტესტის სირთულე.
ტესტზე/წერით დავალებაზე მუშაობა იწყება დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ტესტთან/წერით დავალებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტების შემდგომ.
მომზადების ვადა 50-კითხვიანი ტესტის შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 20 სამუშაო დღეს.
3. ტესტის ტიპები და ფორმატები
არჩევითპასუხიანი ტესტები: ტესტი შედგება არჩევითპასუხიანი დავალებებისაგან. თითოეულ დავალებაში მოცემულია პირობა/კითხვა და 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი.
ღია ტიპის, წერითი დავალებები: წერითი დავალება მოიცავს გარკვეულ კაზუსს, რომლის საფუძველზეც კონკურსანტმა წერილობით, არგუმენტირებულად უნდა უპასუხოს დასმულ კითხვებს. კონკურსანტთა ნაშრომები ფასდება წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით, შემფასებლის/შემფასებლების მიერ. შემფასებელს ნაშრომები მიეწოდება დეპერსონალიზებული სახით.
სასწავლო ცენტრში, ძირითადად, გამოიყენება შემდეგი ტესტები:
· ცოდნის შესაფასებელი;
· უნარების შესაფასებელი;
· ინტელექტის შესაფასებელი;
· ქართული ენის მართლწერის შესაფასებელი;
· ქართული ენის ცოდნის დონის შესაფასებელი;
· ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაფასებელი.
4. ტესტის შექმნის მომსახურების შესყიდვის პირობები
ცენტრს შეუძლია აღნიშნული მომსახურება, ISO 9001-2015 ხარისხის სტანდარტის დაცვით, შესთავაზოს როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებს. ცენტრს აქვს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება (2015 წლიდან). მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ᲢᲔᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ
ცოდნის შეფასება
სასწავლო ცენტრს არ აქვს შეზღუდული ტესტის შექმნის სფერო, შესაბამისად, შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერ სფეროში პირის პროფესიული ცოდნის/ჩვევების შესაფასებელი ტესტების სხვადასხვა ტიპი: არჩევითპასუხიანი ტესტი, კაზუსი, ესე და სხვ.
არჩევითპასუხიანი ტესტი იქმნება საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული/დამკვეთის მიერ განსაზღვრული თემატიკის საფუძველზე და მიზნად ისახავს პირის მიერ დაგროვილი ცოდნისა და მისი გამოყენების უნარის შეფასებას. იმავე მიზანს ემსახურება წერითი დავალება, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოსაცდელმა ღია კითხვებზე უნდა გასცეს პასუხები, დაწეროს ესე ან ამოხსნას კაზუსები.
