ჩვენს შესახებ

ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზანია, საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების და ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაცია, სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა სასწავლო პროგრამების განხორციელებით.

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, როგორც მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია,  უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ორგანიზაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. ცენტრი ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის, სამართლებრივ საკითხებთან და ევროკავშირის სამართალთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

 

დაფუძნების ისტორია:

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ისტორია XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება.

1971 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსები“ . წლის განმავლობაში ყველა დარგის 500 პრაქტიკოსი იურისტი იმაღლებდა კვალიფიკაციას (გარდა პროკურატურის თანამშრომლებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა). კურსებზე სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში. თითოეული ჯგუფი შედგებოდა 15-20 მსმენელისაგან. კურსის დასრულების შემდეგ დგებოდა საგამოცდო კომისია და მათთან გასაუბრების შემდეგ მსმენელებს გადაეცემოდათ კურსების გავლის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა.

„იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსები“ განთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობაში, კერძოდ, თბილისში, ნატო ვაჩნაძის ქ. №9-ში და ეკავა შენობის მე-2 სართული. კვალიფიკაციის ასამაღლებელ მუდმივმოქმედ რესპუბლიკურ კურსებზე რაიონიდან ჩამოსული მსმენელებისათვის გამოყოფილი იყო საერთო საცხოვრებელი, რომელიც 9 ოთახისგან შედგებოდა. მათ შორის იყო სალექციო აუდიტორიები, საძინებლები, სასადილო და ბიბლიოთეკა. მსმენელებს კურსის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ სამსახურებრივი პოზიცია და ხელფასი. კურსები მთლიანად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ.

ლექციების წასაკითხად, ძირითადად, იწვევდნენ სამართლის დარგის პროფესორებს, თუმცა, ხდებოდა პრაქტიკოსი იურისტების მოწვევაც, რისთვისაც მათ ეძლეოდათ შესაბამისი ანაზღაურება.

1990-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსების საქმიანობა დროებით შეფერხდა.

1995 წლიდან იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სასწავლო კურსების ფუნქციონირება ისევ აქტიურ ფაზაში გადავიდა.

2000 წლიდან რესპუბლიკური კურსების სასწავლო ფუნქცია გააგრძელა სასწავლო ცენტრმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის  დაარსების სამართლებრივი საფუძველი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანება გახდა.

დღესდღეობით, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის  8 ოქტომბრის №1117 ბრძანებით.

 

ცენტრის საქმიანობა

ᲪᲔᲜᲢᲠᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ

კომფორტული სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების მქონე შენობები თბილისსა და ტერიტორიულ ორგანოებში, შესაბამისი პროცესისათვის განკუთვნილი სივრცეებით. 

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

 

  1. სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში) სწავლების საჭიროებათა ანალიზი;
  2. სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;
  3. სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, აგრეთვე ნოტარიუსთა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირება;
  4. ცენტრის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ინოვაციური პროექტების შემუშავება და დანერგვა;
  5. სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსის ჩატარება; იურიდიული განათლების ხელშეწყობა;
  6. ტრენერთა, ტრენინგის ექსპერტთა და ტრენერ-კონსულტანტთა შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება;
  7. სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა მომზადების და გადამზადების, პროფესიული განვითარების/კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო პროგრამების/პროექტების შემუშავება, ორგანიზება, განხორციელება და შეფასება;
  8. გამოცდების, გასაუბრებების და ტესტირებების ორგანიზება, მათ შორის, ტესტური დავალებების შექმნა და ჩატარება;

ზემოაღნიშნული ფუნქციების გარდა, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ორგანიზაციებისათვის პრაქტიკული, მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული, სპეციალური პროფესიული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი ადამიანური რესურსის მომზადებასა და გადამზადება, დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სხვადასხვა სასწავლო კურსების, მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

  • ტრენინგი (სწავლება)
  • ტესტირება/ტესტის შექმნა (შეფასება)
  • კონსულტირება

სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თბილისში ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სატრენინგო, საგამოცდო, საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი ოთახები:

  • 10 აუდიტორია სატრენინგო და საქმიანი შეხვედრებისთვის
  • 4 კომპიუტერული აუდიტორია ტესტირებისათვის
  • 2 საკონფერენციო დარბაზი, რომლებშიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ და განახორციელონ სასურველი ღონისძიებები.
ცენტრის კატალოგი

ᲪᲔᲜᲢᲠᲘᲡ ᲙᲐᲢᲐᲚᲝᲒᲘ

2025

ცენტრის კატალოგი

ხელმისაწვდომობის მენიუ